Sunday

თებერვლის შვიდეული

სულიერები

უსულოები










    
     ერთ მხარეს არიან: ქალი, კაცი, ბავშვი, კატა, ძაღლი, ყველა ძუძუმწოვარი, მწერი და ცოცხალი არსება.
     მეორე მხარეს: კომპიუტერი, მანქანა, რობოტი, მეტრონომი, მუამარ კადაფი, და ყველა სხვა ხელოვნურად შექმნილი მექანიზმი. 

მათი საუკუნოვანი მტრობა ცნობილია როგორც "კაცობრიობა მანქანების წინააღმდეგ". თუმცა, ვფიქრობ, პირველი ჯგუფის წევრების გაერთიანება სახელწოდება კაცობრიობის ქვეშ, დიდი უსამართლობაა სხვა დამსახურებული ცხოველების მიმართ.
თებერვალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა როლის თამაში შეუძლიათ ფაუნის წარმომადგენლებს ამ ეპიკურ დაპირისპირებაში. 

Saturday

ოსკარები 2011: 100%-ით ზუსტი პროგნოზები და ფსონები


  
      თქვენს წინაშეა ბლოგ–პოსტი, რომელშიც მეათე სიტყვა იქნება ბრჭყალებში ჩასმული "ოსკარი", დიდი ადგილი დაეთმობა წინასწარმეტყველებას, კინომცოდნეობის იმიტირებას და ასოებს. ამ ტექსტს ეყოლება დაახლოებით 50 მკითხველი (რომელთა 60% Google Chrome-ით სარგებლობს), თუმცა აქედან მხოლოდ 10 თუ დატოვებს კომენტარს. ერთი-ორი იმდენად მომენდობა, რომ შესაძლოა მომგებიანი ბილეთის შედგენაც არ დაეზაროს. შემდეგ მე ამ ადამიანს აღებული ფულის გაყოფას ვთხოვ, ის უარს მეტყვის და მე მეწყინება. თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა.

     მოკლედ, თუ აქამდე ვერ მიხვდით, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზები შეეხება მეათე სიტყვას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დამიჯეროთ, ან შესამოწმებლად 28 თებერვლის დილას – ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალს დაელოდოთ.

     ჰო, ცხადია ამ პროგნოზების გაცნობის შემდეგ თქვენთვის თავად ცერემონიალი ყოველგვარ ინტრიგას დაკარგავს, ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ კითხვას გააგრძელებდით.